მრიცხველებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა
მრიცხველებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. საუბარია, წყლის ხარჯმზომებზე, გაზის, ელექტროენერგიის, თერმული ენერგიის მრიცხველებზე, ასევე, ხარჯის საზომ საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), ავტომატურ სასწორებზე, ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებსა და სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აირის ანალიზატორებზე.
როგორც 31 დეკემბრის დადგენილებაში ვკითხულობთ, ბაზარზე განთავსებული აღნიშნული მოწყობილობები კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც მონიტორინგს ზედამხედველობის სააგენტო გაუწევს.
უფრო კონკრეტულად, როგორც დოკუმენტის დანართში ვკითხულობთ, გაზომვის საშუალებამ უნდა უზრუნველყოს მეტროლოგიური დაცვის მაღალი დონე იმისათვის, რომ მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მხარეს ჰქონდეს ნდობა გაზომვის შედეგისადმი. ამასთან, გაზომვის საშუალება დაპროექტებული და წარმოებული უნდა იყოს ხარისხის მაღალ დონეზე გაზომვების ტექნოლოგიებთან და გაზომვების მონაცემების დაცვასთან მიმართებით.
დადგენილებაშია მოცემულია გაზომვის საშუალების სპეციფიკური დანართები (ცხრილები), რომლის მოთხოვნების გათვალისწინებითაც, მწარმოებელმა უნდა განსაზღვროს კლიმატური, მექანიკური და ელექტრომაგნიტური პირობები, რომლებშიც გამიზნულია გაზომვის საშუალების გამოყენება, კვების წყარო და სხვა გავლენის მქონე სიდიდეები, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მის სიზუსტეზე.
ასევე, მოცემული უნდა იყოს, მრიცხველებისთვის როგორც მაქსიმალური, ისე მინიმალური ტემპერატურა და მრიცხველზე გავლენის მომხდენი სიდიდეები. კერძოდ, ვიბრაცია და მექანიკური დარტყმები.
ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, მრიცხველზე ყველა საჭირო ინფორმაცია, მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
დოკუმენტის თანახმად, გაზომვის საშუალებას არ უნდა ჰქონდეს ისეთი მახასიათებელი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მის თაღლითურ გამოყენებას, ხოლო უნებლიედ არასათანადოდ გამოყენების შესაძლებლობები უნდა იყოს მინიმალური.
ასევე, გაზომვის საშუალება უნდა იყოს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაფერისი, პრაქტიკული სამუშაო პირობების გათვალისწინებით და არ უნდა ითვალისწინებდეს მომხმარებლის არასათანადო მოთხოვნებს, გაზომვის სწორი შედეგების მისაღებად.
როგორც დანართშია განმარტებული, გაზომვის საშუალება უნდა იყოს მყარი და მისი კონსტრუქციის მასალა უნდა იყოს შესაფერისი იმ პირობებისათვის, რომელშიც გამიზნულია მისი გამოყენება.
ამასთან, გაზომვის საშუალება ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ უზრუნველყოს გაზომვის ამოცანების კონტროლი მას შემდეგ, რაც მოხდება მისი ბაზარზე განთავსება და ექსპლუატაციაში გაშვება.
რაც შეეხება რეალიზაციისას ზედ დატანილ ინფორმაციას, გაზომვის საშუალებაზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი:
მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი და რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი;
ინფორმაცია მის სიზუსტის თაობაზე და შესაბამის შემთხვევაში;
ინფორმაცია გამოყენების პირობებთან დაკავშირებით;
გაზომვის შესაძლებლობა;
გაზომვის დიაპაზონი;
საიდენტიფიკაციო ნიშანი;
ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ნომერი ან პროექტის (ნიმუშის) გამოცდის სერტიფიკატი და სხვა.