ახალი ამბები

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.

რას ეხება სანქციები?

შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.

ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.

მასში ხვდებიან ისინი, ვინც „ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.

ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.

ბიძინა ივანიშვილის ქონება, – Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, – 2024 წლის ბოლოსთვის $7.5 მილიარდს აღწევს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.

რა არის განკარგულება #14024

14024-ე აღმასრულებელი განკარგულება 2023 წლის 22 დეკემბერს „შესწორდა“ – როგორც სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, კიდევ უფრო გაძლიერდა და დაემატა უნარი, სანქციები დაუწესოს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც:

„ან ხელს უწყობენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში მოქმედი იმ პირების სახელით, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზას;
ან ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“.

გარდა ამისა, განკარგულებით, სანქციები წესდება მათზე, ვინც: ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში
ერევიან აშშ-სა თუ სხვა უცხოური მთავრობების არჩევნებში
ქმედებებითა თუ პოლიტიკით ძირს უთხრიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს აშშ-სა თუ საზღვარგარეთ

წყარო: რადიო თავისუფლება