ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ელისო ჯანაშიას ფიზიკურად გაუსწორდნენ
ფოთში, ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტსა და სოციალური საწარმო Limena • ლიმენას დამფუძნებელ ელისო ჯანაშიას თავს დაესხნენ. 23 დეკემბერს, ფოთში, აღმაშენებლის 19 ნომერში მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი ქულანავა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში თავად ელისო ჯანაშიამ გაავრცელა. ის წლებია ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, ფოთელ აქტივისტებთან ერთად ბევრ სხვადასხვა ღონისძიებასა და საპროტესტო საქმიანობაშია ჩართული, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას, ახალგაზრდების განვითარებასა თუ არაფორმალურ განათლებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ფოთში, რამდენიმე წლის წინ სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით დააფუძნა სოციალური კაფე „ლიმენა“, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდებისთვის იმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება, დისკუსიები, დოკუმენტური ფილმების ჩვენებები.
ელისო ჯანაშია ამბობს, რომ 23 დეკემბრის საღამოს სწორედ „ლიმენა“ და მისი თანამშრომლები იქცნენ აგრესიის სამიზნედ. მისი თქმით, აგრესია განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე აქტიურად დაიწყეს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსვლები, საპროტესტო აქციები.
,,ორი ქალი, საკმაოდ აგრესიული მოვიდა კაფეში. მე სხვა ოთახში ვიყავი, ჩხუბის ხმა რომ გავიგონე, გამოვედი და კარებში დავინახე იდგა ქალბატონი, რომელიც იქვე მდგარ თანამშრომლებს და მოხალისეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ყვიროდა რად გინდათ ევროპაო, ეს კაფე გარყვნილების ბუდეაო, იმუქრებოდა ხალხს მოვიყვან და ამ კაფეს გავაუქმებო. აგრესიული იყო ძალიან. მე რომ გამოვედი და დავინტერესდი რა ხდებოდა, უფრო აგრესიული გახდა, პარალელურად ჩავრთე კამერა და გადაღება დავიწყე. ამის შემდეგ ის დამიპირისპირდა ფიზიკურად და რამდენჯერმე ტელეფონი, რითიც ვიღებდი, ხელიდან გამაგდებინა. შემდეგ კი თმაში მწვდა და ვცდილობდი გამეჩერებინა.
მაგ პერიოდში პოლიციაც იყო გამოძახებული. მაინტერესებდა იმ ქალის ვინაობა, ვეკითხებოდი არ მეუბნებოდა და ამ დროს ამომაგლიჯა თავიდან საკმაოდ დიდი ნაწილი თმის, დაზიანებული მაქვს ასევე სკალპიც. ხელში ეჭირა ჩემი თმები და ისტერიკულად იცინოდა. შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოვიძახეთ. ის ქალი კი პოლიციამ გადაიყვანა დაკითხვაზე”,-აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას ელისო ჯანაშია.
ჟურნალისტი Knews.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქალი, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და აქტივისტია.
,,მან ზუსტად იცოდა სად მოდიოდა, რა უნდა ექნა, რა უნდა ეთქვა. მას ცუდი რეაქცია ჰქონდა ევროპის ხსენებაზე და ამბობდა რად გინდათ ევროპა, რუსეთი გვიკეთებს ყველაფერ კარგს და რატომ არ მოგწონთო. ის არის ,,ქართული ოცნების” შავი საქმეების გამკეთებელი და ასევე არჩევნების გაყალბებაშიც იღებდა მონაწილეობას. დანიშნული ყავდათ გარე კოორდინატორად და შეურაცხყოფას აყენებდა ყველას ვინც მათი მხარდამჭერი არ იყო. ჩვენი ინფორმაციით, მანამდე ის ამ საქმეს ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს აკეთებდა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და მდაბიოების მმართველობა უნდა იყოს სამართლებრივად აღკვეთილი”,- აცხადებს ჟურნალისტი.
ელისო ჯანაშიას თქმით, თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, ფოთელ აქტივისტებს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დაუპირისპირდნენ ფოთის საკრებულოს თანამშრომლები და ღონისძიებაზე მისული სხვა პირები.
,,ამ თავდასხმას ვუკავშირებ ბოლო პერიოდში ჩემს აქტიურობას და ყოველდღიურ აქციებზე მონაწილეობას. წინა დღეს კი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე გასულები ვიყავით ნაცემი ადამიანების ფოტოებით. იქაც იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საკრებულოს თანამშრომლის მხრიდან, ტიტუშკა ყავთ თანამშრომლად აყვანილი და ერთ-ერთ აქციის მონაწილეს ხელით შეეხო. ამის შემდეგ ამ თავდასხმების გაგრძელებას ველოდებოდით, თუმცა არ მეგონა თუ ვინმეს მოაგზავნიდნენ და დებოშს ატეხდნენ”,– ამბობს ჯანაშია.
ელისო ჯანაშიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ის ასევე სამომავლოდ სასამართლოში გეგმავს სხვა საჩივარის შეტანას, რომლითაც მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
,,პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. გამოიკითხა თავდამსმელი და მეც ვიყავი გამოკითხვაზე. გარდა ამისა, საიას იურისტებმა შემომთავაზეს დახმარება და შესაძლოა კერძო საჩივარიც შევიტანო, მორალურ და ფიზიკურ ზიანზე. დღეს ვიყავი ქუთაისში ექსპერტიზაზე. ექსპერტმა ნახა, შეაფასა არსებული სიტუაცია. მინდა ეს ადამიანი სამაგალითოდ დაისაჯოს, რომ არავინ ამის მერე აღარ გაბედოს მსგავსი რამ. იმედი მაქვს, რომ დადგება დრო როცა სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრებთ და ასეთი ადამიანები დაისჯებიან.”
,,კახეთის ხმა” გმობს ჟურნალისტ ელისო ჯანაშიაზე განხორციელებულ თავდასხვას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას და არღვევს ჟურნალისტის ხელშეუხებლობის უფლებას. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა] გათვალისწინებული დასჯადი ქმედება.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად მიიჩნევა: ფიზიკური ძალადობა, მუქარა ან სხვა ფორმის ზეწოლა, რომელიც აფერხებს ჟურნალისტის მუშაობას. ხოლო საერთაშორისო სამართლის დონეზე, ჟურნალისტური საქმიანობა დაცულია ევროპული უფლებების კონვენციით, რომლის მე-10 მუხლი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას.