ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოშია
ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს.
„ინსტიტუციური შეხვედრების წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან აზრთა ღია და სიღრმისეულ გაცვლას ჰქონდა ადგილი. ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს“, – წერს ალან ბერსე.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე თბილისში დღეს ჩამოვიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა.
“ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან – შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან – მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან – მაკა ბოჭორიშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე ეწვევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 17-21 დეკემბერს იმართება“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.