ახალი ამბები

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი.

გარდა ამისა, დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოსილებას შეწყვეტას. მოცემული ცვლილებების შედეგად, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც წლებია ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს, საჯარო სამსახურს, კანონის ამოქმედებისთანავე ყოველგვარი სამართლებრივი გარანტიების გარეშე აღმოჩნდებიან.

ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ეს პირები უკვე იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

იურისტის თამარ სურმავას განმარტებით, ეს ნიშნავს, იმას, რომ:

➡️ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს – იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.
➡️ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და მათ მოადგილეების – შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის [მაგ. მინისტრის] უფლებამოსილების ვადას. ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებისილების შეწყვეტა, იწვევს აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
➡️ შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] დანიშვნა განხორციელდება პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, აღარ არის საჭირო კონკურსი.
➡️ მათთვის სავალდებულო მოთხოვნა აღარაა სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა. ასევე არ არის საჭირო მოხელის სერთიფიკატი. ეს მაშინ, როცა დაქვემდაბარებაში მყოფ პირს ესაჭირება სერთიფიკატი.
➡️ ეს პირები მინიმალურ დონეზეც აღარ არიან დაცულნი, რაც ზრდის მათზე გავლენის მოპოვების რისკებს.