რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ძალადობს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან შეუთავსებელია – იუკნევიჩიენე
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ევროკავშირის დელეგაცია მწვავე გზავნილებს აჟღერებს – როგორც ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, “რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ძალადობს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან შეუთავსებელია”.
რასა იუკნევიჩიენე იმასაც ამბობს, რომ EU ქართველ ხალხს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, რადგან საქართველო ევროკავშირს სჭირდება, თუმცა მისივე განმარტებით, ახლა ყველაფერი ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში. ისინი, ვინც ამბობენ, რომ თქვენ არავინ გელოდებათ ევროკავშირში, იტყუებიან. რეჟიმი, რომელიც ახლა ასე იქცევა და ძალადობს ქუჩებში, ეს შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან. ნიღბები ახლა უკვე ჩამოხსნილია. ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რაც მათ აქვთ”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები ოპოზიციურ სპექტრს და სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ. ისინი შეხვედრას ასევე გამართავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.
დელეგაციაში შედიან:
რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი