სიგარეტზე აქციზი იზრდება
2025 წლიდან ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის აქციზის განაკვეთი გაიზრდება – ამის შესახებ ,, ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საუბარია სიგარეტის კოლოფზე აქციზის 20 თეთრით, 1.90 ლარამდე გაზრდასა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის 15 თეთრით 1.85 ლარამდე გაზრდა არის დაგეგმილი.
2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, აქციზიდან ბიუჯეტში 2,650,000,000 ლარის მობილიზება იგეგმება, რაც 2024 წელთან შედარებით 275 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტში არაა ჩაშლილი უშუალოდ თამბაქოს აქციზიდან რამდენი მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს მთავრობა, თუმცა სავარაუდოდ აღნიშნული ზრდის ძირითადი ნაწილი სწორედ თამბაქოს აქციზის მატებას უკავშირდება.
2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 10 თვეში თამბაქოს აქციზიდან 996,958,631 ლარის შემოსავალი შევიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173 მილიონი ლარით მეტია. აქციზიდან მიღებული შემოსავლების ასეთი ზრდა მეტწილად დაკავშირებულია ბაზრის სადა შეფუთვაზე გადასვლასთან, რადგანაც 2025 წლის აპრილიდან ბაზარზე მხოლოდ სადა შეფუთვის სიგარეტის ნაწარმი შემოვა, შესაბამისად კომპანიებმა ამ თარიღამდე მნიშვნელოვანი მოცულობის სავაჭრო მარაგები შეიქმნეს. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე თამბაქოს ნაწარმიდან მიღებული სააქციზო შემოსავალი 1.1 მილიარდ ლარს მაინც მიაღწევს.
საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი კოლოფი სიგარეტი იყიდება. მათზე აქციზის განაკვეთი ორი კომპონენტისგან შედგება, ერთია ფიქსირებული აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად 1.70 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა ადვალური აქციზის განაკვეთი, რომელიც სარეალიზაციო ფასის 30%-ს შეადგენს.
თუკი ამჟამად ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის საშუალო სარეალიზაციო ფასი შეადგენს 7 ლარს, მხოლოდ აქციზის განაკვეთის გათვალისწინებით 20 თეთრის მატებით ფასი 7.20 ლარი გახდება, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ადვალური განაკვეთიც და დღგ-იც სარეალიზაციო ფასზე არის მიბმული, რეალურად აქციზის 20 თეთრით გაძვირება ერთი კოლოფის ღირებულებას დაახლოებით 35-40 თეთრით შეიძლება გაიზარდოს.