ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება.

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.

პროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის არსებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან პერსონალური დაცვა ენიშნება, რომელიც უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდებათ, გარდა იმ შემთხვევისა თუ უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგია.

კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს და შესაბამის თანამდებობის პირებს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საჭიროა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რასაც შესაბამისი კვორუმი სჭირდება. პროექტის ინიციატორები მიუთითებენ, რომ კვორუმის არ არსებობის პირობებში დგება მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ, შესაბამისმა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა და მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტში არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება.

“შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის დამრღვევად იქნა მიჩნეული.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, იმისათვის, რომ პერსონალური დაცვის რესურსი გამოყენებული იქნეს ეფექტურად, ამასთანავე, იმისათვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ვალდებულება კონსტიტუციის დამრღვევ თანამდებობის პირს შეუნარჩუნოს განსაკუთრებული უფლება, სახელმწიფო დაცვით ისარგებლოს, საჭიროა ცვლილება განხორციელდეს”, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელის ავტორმა – “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების არქონის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან ვერ გადააყენა და შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ბოლომდე შეინარჩუნა.