EU-ს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებთ – ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო
ლიეტუვის სეიმმა გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებლები მოქალაქეების ძალადობრივ დარბევაზე. რეზოლუციას 109 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო.
ლიეტუვის პარლამენტი ასევე გმობს საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობას და მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
„სეიმი აცხადებს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ამიტომ მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ
სეიმი მკაცრად გმობს საქართველოს მთავრობის ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თბილისსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებას და მომიტინგეების უკანონო დაკავებას.
იგი ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის მთავარი კრიტერიუმია და მოუწოდებს ბლოკის ორგანოებს გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს.
დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეგრეთ წოდებული უცხოელი აგენტების კანონი, უზრუნველყოს მოქალაქეთა შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მათ მიმართ ძალის გაუმართლებელი გამოყენებისგან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ ივანიშვილს, გომელაურსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს, 2 დეკემბერს სავიზო სანქციები დაუწესა. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს ესტონეთმა და ლატვიამ.