პროტესტის მეშვიდე დღე- რა მდგომარეობაა კახეთის რეგიონში
უკვე მეშვიდე დღეა ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. გარდა თბილისისა, აქციები იმართება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში.
განსაკუთრებით აქტიურია თელავის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, სადაც თითქმის ყოველდღიურად და დღეში ორჯერაც მოქალაქეები აქციას მართავენ. ახალგაზრდები, სამოქალაქო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მთავრობის არჩეულ კურსს გმობენ და აცხადებენ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და არავის აქვს უფლება, რომ ამ კურსიდან გადაიყვანოს ქვეყანა.
“დღეს უფრო მეტნი ვართ, ვიდრე წინა დღეებში. კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. ჩვენ დავიცავთ სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას არ დავუთმობთ არავის. მშვიდობიანად ვივლით ევროპულ გზაზე. ვგრძნობთ რამდენი ადამიანი იზიარებს ჩვენს პროტესტს. ახმეტაში გამართულ აქციაზე სიმბოლურად გავუშვით ფოიერვერკი და კულტურის სახლის შენობაზე ბანერი გავაკარით: “დაიცავი სამშობლო”, თუმცა ჩამოხსნეს მალევე”, – აცხადებენ ახმეტაში გამართული აქციის მონაწილეები.
,,აქციაზე ვართ იმიტომ რომ არ გვინდა მონობა, არ გვინდა რუსეთი და გვინდა მხოლოდ ევროპა. ვართ აქციაზე იმიტომ, რომ ვუთხრათ ჩვენს თვითმარქვია ხელისუფლებას, ის მისწრაფება, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი და არავის აქვს უფლება წაგვართვას. ისინი უნდა წავიდნენ და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ გზას, რასაც ევროკავშირისკენ სვლა ქვია. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს და კიდევ მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, რომ ერთად ვუთხრათ რუსულ რეჟიმს არა”,- განუცხადა knews.ge-ს თელავში გამართული აქციის მონაწილე ირინა ჯანდიერმა.
ახალგაზრდები თელავში ხშირად აქციას ორჯერაც მართავენ. გარდა თელავის მერიის მიმდებარე ტერიტორიისა, ახალგაზრდებმა აქცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ გამართეს. მათ სტუდენტების ნაწილიც შეუერთდათ.
მათი თქმით, საქართველო არის ევროპა და ამას მკაფიოდ უნივერსიტეტიც უნდა აფიქსირებდეს. ახალგაზრდების თქმით, აუცილებელია ჩატარდეს ახალი არჩევნები და ქვეყანა დაბრუნდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. აქციის მონაწილეებს შეხვდა რექტორი, შალვა ჭკადუა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ, შეთანხმების გარეშე დასრულდა.
,,ჩვენ რექტორს მხოლოდ ერთი რამ ვთხოვეთ, უნივერსიტეტს დაეფიქსირებინა ახალგაზრდების მხარდაჭერა და ოფიციალურ გვერდზე გამოექვეყნებინა წარწერა ,,საქართველოს ადგილი ევროპაშია”. შეხვედრის დროს მოვისმინეთ ბევრი უსარგებლო ინფორმაცია, დემაგოგია და საბოლოოდ ამ მოთხოვნაზე უარი მივიღეთ.”– განუცხადეს knews.ge-ს აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა.
სტუდენტების თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ბევრ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს, უნდა იყოს დამოუკიდებელი. აქციის მონაწილეებს ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.
,,იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპული მისწრაფება საკუთარ მისიაში წლების წინ ჩამოაყალიბა. უნივერსიტეტის სტრატეგიულ გეგმაში, ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული ინტერნაციონალიზაციის საკითხები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ევროპულ მისწრაფებებს ემსახურება.
წლების განმავლობაში, სწავლის მაღალი ხარისხით, სხვადასხვა პროგრამის დანერგვით, სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამებით, უნივერსიტეტმა მრავალჯერ დაადასტურა, რომ წარმატებული, ევროპული ღირებულებების ერთგული სასწავლებლების რიგში დგას.სწორედ ეს გაცხადდა კიდევ ერთხელ, საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს. უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ გარკვევით განუმარტა შეხვედრის მონაწილეებს, რომ ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა არ შეწყვეტილა და დაწესებულება საკუთარი მისიით განსაზღვრული მიზნების ერთგული რჩება.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა წარმატებით დაიძლევა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც აქამდე, ყველა სტუდენტისათვის საუკეთესო განათლების გადაცემის პროცესს ღირსეულად მოემსახურება”,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სახელით არის გამოქვეყნებული.
აქციას და მიმდინარე მოვლენებს შეუერთდნენ თელავის მე-4 საჯარო სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლეები. მათ დაფაზე წარწერა დატოვეს, რომ ,,საქართველოს ადგილი არის ევროპაში”. მოსწავლეების მსგავსად, კახეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა დაგმეს მთავრობის არჩეული კურსი. განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდა, რეგიონიდან 22 მასწავლებელი აწერს ხელს.
,,ჩვენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად ვემსახურებით ეროვნულ ინტერესს, შევქმნათ მშვიდობიანი, სოლიდარული, განვითარებული საზოგადოება, აღვზარდოთ ქვეყნის ინტერესების დამცველი აქტიური მოქალაქეები, ვფიქრობთ, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომლებსაც სამოქალაქო განათლების საგანი ეფუძნება და ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ტოლერანტული და მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
ვუერთდებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილს და მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს: კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვგმობთ და ვემიჯნებით იმ ძალადობას, რომელსაც ბოლო დღეებში ვუყურებთ კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციით დაცული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებში, ქვემოთ ხელმომწერნი ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას”- წერია განცხადებაში.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აქციის მონაწილეების თქმით, შეკრების დროს მათ აქტიურად დასდევთ პოლიციის ეკიპაჟები და სუს-ის წარმომადგენლები, რომლებიც აქციაზე მყოფი მოქალაქეების ფოტო და ვიდეო მასალებს აგროვებენ. მათი განმარტებით, ეს შეიძლება იყოს მოქალაქეების დაშინების ერთ-ერთი ხერხიც.
,,რამდენი დღეა ვმართავთ აქციებს, ყოველთვის პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და სუს-ის წარმომადგენლები დაგვყვებიან. გვირებენ ფოტოებს და ვიდეოებს. ხშირად აქციის მონაწილეებზე მეტი ისინი არიან. ამის გამო სეიძლება ერთხელ გამოსული ადამიანი აქციაზე მეორედ აღარ გამოვიდეს, ან რომ იცის ამის შესახებ, ეშინიათ შემდეგ არ გახდეს დაშინების მსხვერპლი”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
რეგიონში ამ დროისთვის აქციები კიდევ იმართება, იგეგმება აქციების გამართვა მომდევნო დღეებშიც. Knews.ge აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას აქტიურად მოგაწვდით.