ახალი ამბები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქციის მონაწილე სტუდენტებს პასუხობს

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქციის მონაწილე სტუდენტებს პასუხობს.

სტუდენტები 5 დღეზე მეტია აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ საქართველო არის ევროპა და ამაში ქვეყანას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს.

ახალგაზრდების თქმით, აუცილებელია ჩატარდეს ახალი არჩევნები და ქვეყანა დაბრუნდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

თელავის მერიის შენობასთან ერთად, ახალგაზრდები აქციას მეორე დღეა უნივერსიტეტის შენობის წინ იმართება. აქციის მონაწილეებს გუშინ შეხვდა რექტორი, შალვა ჭკადუა, თუმცა ახალგაზრდების თქმით, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

,,ჩვენ რექტორს მხოლოდ ერთი რამ ვთხოვეთ, უნივერსიტეტს დაეფიქსირებინა ახალგაზრდების მხარდაჭერა და ოფიციალურ გვერდზე გამოექვეყნებინა წარწერა ,,საქართველოს ადგილი ევროპაშია”. შეხვედრის დროს მოვისმინეთ ბევრი უსარგებლო ინფორმაცია, დემაგოგია და საბოლოოდ ამ მოთხოვნაზე უარი მივიღეთ.”– განუცხადეს knews.ge-ს აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა.

სტუდენტების თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ბევრ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს, უნდა იყოს დამოუკიდებელი.

აქციის მონაწილეებს დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

,,იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპული მისწრაფება საკუთარ მისიაში წლების წინ ჩამოაყალიბა.

უნივერსიტეტის სტრატეგიულ გეგმაში, ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული ინტერნაციონალიზაციის საკითხები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ევროპულ მისწრაფებებს ემსახურება.

წლების განმავლობაში, სწავლის მაღალი ხარისხით, სხვადასხვა პროგრამის დანერგვით, სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამებით, უნივერსიტეტმა მრავალჯერ დაადასტურა, რომ წარმატებული, ევროპული ღირებულებების ერთგული სასწავლებლების რიგში დგას.

სწორედ ეს გაცხადდა კიდევ ერთხელ, საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს.

უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ გარკვევით განუმარტა შეხვედრის მონაწილეებს, რომ ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა არ შეწყვეტილა და დაწესებულება საკუთარი მისიით განსაზღვრული მიზნების ერთგული რჩება.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა წარმატებით დაიძლევა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც აქამდე, ყველა სტუდენტისათვის საუკეთესო განათლების გადაცემის პროცესს ღირსეულად მოემსახურება”,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იაკობ გოგებაშვილის
სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სახელით არის გამოქვეყნებული.