საქართველოს შშმ პირთა ქსელი – მოვუწოდებთ მთავრობას უზრუნველყოს საქართველოს დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე
მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას კონსტიტუცია და უზრუნველყოს საქართველოს დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შშმ პირთა ქსელი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას.
„3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. ჩვენ, ქსელის გამგეობა, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, აქტივისტების, მშობელთა ასოციაციების და შშმპ თემის მხარდამჭერების სახელით, ვაკეთებთ განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
მთავრობის ბოლო განცხადებებმა ცხადყო, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რამაც მოსახლეობაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს კონსტიტუციის ჩარჩოებში და უზრუნველყოს მისი დაცვა, განსაკუთრებით კი, 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან წვლილს ასრულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში. სწორედ ამ პროცესმა დააჩქარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ინკლუზიური ინიციატივის დანერგვა.
ევროპული მომავალი და ქვეყნის განვითარება პირდაპირ უკავშირდება შშმ პირთა კეთილდღეობას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ხარისხიან განათლებას, დასაქმებას, ღირსეულ მომავალს და დამოუკიდებელ ცხოვრებას. ევროპული და აშშ-ის სტანდარტები ჩვენი მხარდაჭერილი სერვისების განვითარების მოდელს წარმოადგენს და პრაქტიკული მაგალითებით გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებები.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია შშმ პირთა თემის გაძლიერებისთვის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მათი ჩართულობისთვის, კანონმდებლობისა და სერვისების გაუმჯობესებისთვის და ახალი სერვისების პილოტირების პროცესებისთვის.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, ფინანსური მხარდაჭერის უარყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება უცხოელი პარტნიორების მიმართ არა მხოლოდ ევროპულ მომავალს გვართმევს, არამედ იმ პროგრესსაც, რაც წლების განმავლობაში იყო მიღწეული. ჩვენ ვგმობთ ძალადობას, სიძულვილის ენას, აგრესიას და ძალის გადამეტებას, რაც მოლაპარაკებების პროცესსა და კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ჩიხში აქცევს.
გვინდა ყველას გასაგონად ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება განსაკუთრებით აზიანებს მოსახლეობის მოწყვლად ფენებს, მათ შორის შშმ პირებს. ჩვენ არ გვაქვს სხვა სამშობლო, არც გაქცევის გზა და ჩვენი ღირსეული ცხოვრება მხოლოდ ევროპულ მომავალს უკავშირდება.
მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას კონსტიტუცია და უზრუნველყოს საქართველოს დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში!”, – ნათქვამია განცხადებაში.