ახალი ამბები

თელავის უძრავ ქონებაში ინვესტირებით ევროპელები დაინტერესდნენ

რეგიონებში, წინა პერიოდებთან შედარებით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა დაინტერესება კვლავ სტაბილურია როგორც უცხოელების, ასევე ადგილობრივების მხრიდან – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა.

როგორც მებაღიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და არასტაბილური გარემო უძრავი ქონების მოთხოვნაზეც აისახება.

,,თელავის შემთხვევაში დაინტერესებული მხარეები შერეულად არიან. მაგალითად, ბათუმში უძრავ ქონებას ძირითადად ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ”.

მისივე თქმით, ღვინისა და ყურძნის სამშობლოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული არიან ევროპის ქვეყნების მოქალაქეები.

„თელავის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ტრანზაქციები შერეულია. ევროპიდან არიან დამკვეთები, რომლებსაც აინტერესებთ თელავის ბაზარი. კახეთი არის ღვინისა და ყურძნის სამშობლო – აქედან გამომდინარე, დიდია რეგიონის მიმართ ევროპული ინტერესები და სასიხარულოა ეს ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. თელავში შერეულად არიან ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც დაინტერესებული არიან ინვესტიციების განხორციელებით“, – დასძინა მებაღიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებიც აქტიურად არიან ჩართულები კახეთში უძრავი ქონების შეძენით. ისინი კერძო სახლებს მუდმივ საცხოვრებლად ან სააგარაკედ ყიდულობენ.

„თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სააგარაკედ და საცხოვრებლად. თელავის და საგარეჯოს მიმართულებით ყიდულობენ კერძო სახლებს და იყენებენ ამას როგორც სააგარაკედ, ისე მუდმივ საცხოვრებელ ადგილად – ძალიან დიდი ცვლილება მოხდა ამ მიმართულებით, ხშირად ფიქსირდება ტრანზაქციები“, – განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.