რას მოიცავს სეზონური სათბობით უზრუნველყოფის პროგრამა თელავში
სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფ მოქალაქეები, ზამთრის სეზონზე, სათბობით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობენ.
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველები აღნიშნული პროგრამით ყოველ წელს სარგებლობენ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი თამუნა დემურაშვილის განცხადებით, პროგრამა ეხება პირებს, რომელთა სოციალური ქულა მინიჭებული აქვთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
,,ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველყოფის პროგრამა ეხება პირებს, რომელთა სოციალური ქულა მინიჭებული აქვთ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. განაცხადებების მიღება ყოველთვის იწყება აგვისტოში, სუბსიდირება კი, უშუალოდ ხორციელდება 15 ოქტომბრიდან. თანხის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. აღნიშნული თანხა მოქალაქემ შეუძლია, გამოიყენოს როგორც ბუნებრივი აირის, ისე ელექტროენერგიის დაფინანსების მიმართულებით. ჩვენ, უშუალოდ, პროვაიდერ კომპანიას ვურიცხავთ“.
მისივე განცხადებით, პირები ვისაც სურთ პროგრამით სარგებლობა, თან უნდა იქონიონ ამონაწერი სოციალურთა ბაზიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 ათასი ან ნაკლები და პროვაიდერის ქვითარი. პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს.
,,ვისაც აქამდე არ მოუმართავს, მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა რომ განცხადებების მიღება გრძელდება. მოქალაქე თავად წყვეტს რომელი რესურსს გამოიყენებს – ბუნებრივ აირს თუ ელექტროენერგიას. განცხადებების მიღება გრძელდება წლის ბოლომდე და სუბსიდირებაც განხორციელდება წლის ბოლომდე. დიდი სხვაობა არ არის, თუმცა ბუნებრივი აირით მოხმარების მსურველთა მომართვიანობა შედარებით მაღალია“.
თამუნა დემურაშვილისვე თქმით, გასულ წელს პროგრამით ისარგებლა 1675 მოაქალაქემ. ამ ეტაპზე, კი 1300 მოქალაქემ, თუმცა ამბობს რომ წლის ბოლომდე მსურველთა რიცხვი გაიზრდება.
,,სოციალური მიმართულებით, ყველაზე მაღალი მომართვიანობა სათბობით უზრუნველყოფით პროგრამაზე მოდის“.
რაც შეეხება სხვა სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს თელავის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე ეტაპზე 19 აქტიური პროგრამაა, რომლითაც ჯამურად 5 428 ბენეფიციარი სარგებლობს.
,,2024 წელს აღნიშნული პროგრამები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2 244 100 ლარით დაფინანსდა.“
მოქალაქეების ნაწილი knews-თან ამბობს რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას როგორ შეუძლიათ ისარგებლონ სეზონური სათბობით უზრუნველყოფის პროგრამით. ქალბატონი ნანას თქმით, არავის მიუწვდია ინფორმაცია როგორ შეიძლება ისარგებლოს აღნიშნული პრგრამით.
,,სოციალურად დაუცველი ვარ. ზამთარში ჩემი ოჯახი შეშით თბება, რადგან სახლი დიდია და შეშა კარგად ათბობს. მისი ყიდვა გვიჭირს და ჩემი მეუღლე ცდილობს, ზაფხულში შექმნას მარაგები. სოფელში უფრო ადვილია შეშის მოძიება ვიდრე ქალაქში. არც ბევრი მარაგი არ გვაქვს და არც ის ვიცოდი თუ რამე დახმარების პროგრამა მუშაობდა. კარგი იქნება, სოფლებში, სადმე იყოს გამოკრული სოციალურად დაუცველებს რა პროგრამებით შეგვიძლია სარგებლობა“.