როდის დაიწყება თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა უცნობია
თელავში 30 საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც რამდენიმე წელია იგეგმება, ამ დრომდე არ დაწყებულა.
მთავრობის მიერ დაანონსებული სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა გასულ წლებში უნდა დაწყებულიყო, თუმცა დღემდე ამ საკითხზე არაფერია ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მშენებლობა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ უნდა დააფინანსოს. როგორც Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის არ არის ცნობილი როდის დაიწყება სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა.
ჯანდაცვის სამინისტროში გასულ წლებში განმარტავდნენ, რომ ახალი საავადმყოფოს აშენებისა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვის შემდეგ პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღება საუკეთესო პირობებში შეეძლებათ.
,,აღმოსავლეთ საქართველოში არ არის ფსიქიატრიული საავადმყოფო, ამიტომ მოსახლეობას ხშირად უწევს პაციენტების თბილისში განთავსება, რაც იწვევს მგზავრობის დამატებით ხარჯს, ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას კი კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება და პაციენტების ახლობლებს უჭირთ პაციენტის ნახვა სტაციონარში“. – აცხადებდნენ ჯანდაცვის სამინისტროში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა არ არის ცნობილი. აღნიშნულ საკითხზე გასულ წელს ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მალე კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება.
„კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი იყო ჩინელებთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-21 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და ის პროექტი, რაც იყო მათთან ერთად შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება“,– განაცხადა აზარაშვილმა.