ახალი ამბები

საია-არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელები თბილისისა და სხვა ქალაქების სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს

საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობას უკავშირდებოდა.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიური შინაარსის სარჩელები არ იქნა დაკმაყოფილებული ქვეყნის სხვა სასამართლოებშიც.

“ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საიას სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმის ფარულობის უფლება და სასამართლოს მიმართ ნდობა. მან ეს შანსი არ გამოიყენა. ეს შანსი არ გამოიყენეს არც სხვა ქალაქებში მდებარე სასამართლოების მოსამართლეებმა, რომლებმაც ანალოგიური საქმეები დღეს და გუშინ განიხილეს და არ დააკმაყოფილეს. რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ველოდებით.

სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის ინტერესი რომ არ არსებობდა, ეს თავიდანვე გამოჩნდა, როდესაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი 2 მნიშვნელოვანი შუამდგომლობა – დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები; საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.

ჯერ-ჯერობით შედარებით საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები თეთრიწყაროს სასამართლო სასამართლოში, სადაც ხვალ მოსამარატლე ბიულეტენებს დაათვალიერებს და მარკერსაც შეამოწმებს”,- წერს საიას თავმჯდომარე ქურდოვანიძე “ფეისბუქზე”.