ახალი ამბები

ნინო დოლიძე – არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა

არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 – საარჩევნო უბნების გარეთ, ხოლო 26 – საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

„სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში – 104 საჩივარი (ასევე, დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში). საოლქო საარჩევნო კომისიებში – 189 საჩივარი (214 ფაქტთან დაკავშირებით). ცესკოში – 1 საჩივარი.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრები ძირითადი კატეგორიების მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების გაცემის საკითხი, კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობა, მარკირების პროცედურის დარღვევა.

კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (323). კერძოდ, ბიულეტენების ჩაყრა (2); მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა (12); დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება(30); მარკირების პროცედურის წესის დარღვევა (76); ხმის ფარულობის დარღვევა (76); გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (22); ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები (17); სხვა დარღვევები (62); საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები (26).

საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (167). კერძოდ, კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა (71- საარჩევნო უბნების 31%); სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნების (25 – საარჩევნო უბნების 11%); ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება (42 – საარჩევნო უბნების 19%); ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (29 – საარჩევნო უბნების 13%).

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია წარმოადგენდა 1,000-მდე მოკლევადიან დამკვირვებელს უბნის შიგნით, 231 დამკვირვებელს უბნის გარე პერიმეტრზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელს, 85 მობილურ ჯგუფს, 23 იურისტს და 32 ოპერატორს, რომლებიც ფარავდნენ 73 საარჩევნო ოლქს. დაკვირვებისას გამოყენებული იყო რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის შეგროვება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საარჩევნო უბნებიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია”, – აღნიშნა დოლიძემ.