IRI-ის პრეზიდენტი – საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი უნდა გაიწვიოს – ეს კანონი არის საფრთხე
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი უნდა გაიწვიოს – ეს კანონი არის საფრთხე ფუნდამენტური თავისუფლებისთვის, რომელიც ავიწროებს სივრცეს დამოუკიდებელი მედიისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ქმნის შიშით დატვირთულ გარემოს, ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას! – ამის შესახებ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში IRI-ის პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა განაცხადა.
მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისია თვალს ადევნებს იმ 9 პუნქტის შესრულებას, რომელიც მათ შორის გამჭვირვალე და ინკლუზიური საარჩევნო პროცესების განხორციელებას უკავშირდება.
თვაინინგის განცხადებით, მათი რეკომენდაციაა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განახორციელოს რეფორმები იმისთვის, რომ კომისიებში ყველა დონეზე პოლიტიკური წარმომადგენლობა დაბალანსდეს.
„ცესკოს წევრების დანიშვნის წესში შეტანილი ცვლილებები, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმება და გადაწყვეტილების მარტივი უმრავლესობით მიღება იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ცესკოსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ენდობიან.
ცესკომ უნდა გააუქმოს კრიტერიუმები, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს იმის გადაწყვეტაში, სად მისცენ ხმა.
ცესკომ ასევე უნდა გამოიყენოს ერთგვაროვანი ბიულეტენი და პროცედურა, რომელიც ნებისმიერ არჩევნებზე ბიულეტენის ვალიდურობას შეაფასებდა, რათა თანასწორობა, ერთგვაროვნება იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, ამომრჩეველს გაუმარტივდეს ინფორმაციის მიღება და მომზადება.
ოლქის და უბნის თავმჯდომარეები დეტალურ შემოწმებას – “ვეტინგს“ უნდა დაექვემდებარონ, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ კომისიის წევრებს მთავრობისგან რაიმე სარგებელი მიღებული არა აქვთ.
პარტიულმა მიკუთვნებამ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა შეამცირა.
პარლამენტმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონის რეფორმა უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ კოალიციების შეკვრა ისევ შესაძლებელი გახდეს.
ცესკომ უბნებზე ვიდეო-გადაღება უნდა აკრძალოს იმისთვის, რომ შიშისა და წნეხის გარემო თავიდან იყოს აცილებული.
სასამართლომ და საგამოძიებო უწყებებმა უნდა გადახედონ გამოძიების პროცედურებსა და სასამართლო განხილვის პროცესებს, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს ეხება.
ოპოზიციურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა შეძლონ შესაბამის უწყებებში საჩივრების შეტანა – ძალიან ბევრი საჩივარია, რომელიც დროულად არ ყოფილა გამოძიებული და განხილული.
ცესკომ მყისიერად გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ შეიქმნას მშვიდი და დაცული გარემო უბნის დონეზე. ჭარბი რაოდენობით ადამიანი როგორც უბანზე, ასევე უბნის გარეთ – როგორც უფლებამოსილი, ასევე არაუფლებამოსილი პირები ძალიან დიდ ქაოსს ქმნის. ქმნის შიშით დატვირთულ გარემოს, რომელიც კენჭისყრის ფარულობას საფრის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა IRI-ის პრეზიდენტმა.