„ჩემი ხმა“ – წინასაარჩევნო გარემო არათანაბარი იყო
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, ხოლო სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები და მიდგომები საარჩევნო დარღვევების მიმართ უსამართლო და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებული, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც მონაწილეობა მისიის არაერთმა წევრმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო.
სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ასეთი საარჩევნო გარემოსთვის მზადება მმართველმა პარტიამ დიდი ხნით ადრე დაიწყო. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური დისკრედიტაციის კამპანია, გააუარესა და მის ინტერესებს მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა.
„ცხადია, ყველა სახელმწიფო ორგანოს მმართველი პარტიისადმი დაქვემდებარებამ ნეგატიური გავლენა იქონია წინასაარჩევნო პროცესზე. ხელისუფლების სამივე შტო და ასევე, ე.წ. ,,დამოუკიდებელი ინსტიტუტები“ სრულიად მოქმედებდნენ მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, როგორც წესი იყო/არის ცესკოს ან/და მმართველი პარტიის სასარგებლო. სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ ხდებოდა სათანადო რეაგირება ან საერთოდ არ ხდებოდა რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება გამოძიების დაწყებისა თუ დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით – მათ შორის, მუქარით, დაშინებით, სახელმწიფო უწყებების მფლობელობაში არსებული პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, მოსყიდვით, უკანონო დაპირებების გაცემით ზემოქმედებისა და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემო იყო შექმნილი, რასაც წინ უძღოდა 2024 წლის აპრილში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის („რუსული კანონი“) მიღება.
„სამოქალაქო სექტორის მიმართ მუქარა, სიტყვიერი თავდასხმა, დისკრედიტაციის კამპანიები აქტიურად მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში. არ დარჩენილა არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვინც სამოქალაქო სექტორის დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის კამპანიაში არ იყო ჩართული. მათ შორის, ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ე.წ. დამოუკიდებელი უწყების ხელმძღვანელი, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებით ცდილობდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შეჩერებას. ასევე, სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ნეგატიურ კონტექსტში ფიგურირებდა მმართველი პარტიის ოფიციალურ საარჩევნო რეკლამაში. წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა მასიური დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე. პრაქტიკულად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ასევე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული და მართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ემსახურებოდა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს. ამ პროცესში, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით მონაწილეობდნენ არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, არამედ სასამართლო ხელისუფლებაც და ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც – ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია და ანტიკორუფციული ბიურო“, – აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც სადამკვირვებლო მისიაში „ჩემი ხმა“ განმარტავენ, წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი ტენდენცია იყო ასევე მმართველი პარტიის მიერ სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება.
მათივე შეფასებით, გამოვლინდა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, მათ შორის მათ მხარდამჭერ აქციებზე საჯარო მოხელეების მათი ნების საწინააღმდეგოდ წაყვანა, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება.
„არათანაბარი იყო საარჩევნო კამპანიისა და ზოგადად, პარტიების დაფინანსების მასშტაბებიც. დაფიქსირდა მმართველი პარტიისათვის პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებები, თუმცა ამ ფონზე სრულად უმოქმედო იყო ანტიკორუფციული ბიურო ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად. ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმების სამიზნე იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია. კომუნიკაციების კომისია, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდისტული არხების დაჯარიმების რამდენიმე შემთხვევით ამაოდ ცდილობდა ნეიტრალურობის ფასადის შექმნას, უმეტესწილად უკანონოდ და დაუსაბუთებლად სწორედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სამაუწყებლო კომპანიებს აჯარიმებდა. მკვეთრად უთანასწორო იყო საარჩევნო პერიოდში მედიაზე წვდომა საარჩევნო სუბიექტებისათვისაც. სახელისუფლებო რედაქციის მქონე მედიასაშუალებები დახურული იყო ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტიის წევრები კრიტიკულ მედია-საშუალებებს არ სტუმრობდნენ, რამაც დააზიანა ამომრჩევლის ჯეროვანი ინფორმირების პროცესი. დადებითად უნდა შეფასდეს ცესკოს მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლების ინფორმირების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების შეუფერხებლად რეგისტრაციისა და ასევე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილის სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის მიმართულებით. თუმცა, საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო, ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება არჩევნებში მონაწილეობა. პრობლემურია ასევე ცესკოს მიერ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების წილისყრით განაწილების წესის შეცვლა, რის გამოც კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების პროცესს, ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვერ დააკვირდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესს საქართველოს ყველა რეგიონსა და საზღვარგარეთ დააკვირდება.