მთავრობა ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს 50 მლნ ლარად ყიდულობს
„მოსავლის მართვის კომპანიამ“ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვის, გადამუშავების, დასაწყობებისა და შენახვის მომსახურების მიღების მიზნით 50 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
კომპანიის განცხადებით, შეუძლებელია ყურძნის საერთო საპროგნოზო მოსავლის რაოდენობიდან წინასწარ განისაზღვროს, რა მოცულობის ყურძენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი. სწორედ აღნიშნულით ხსნის „მოსავლის მართვის კომპანია“ გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას.
„აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების რაოდენობის და მოცულობის დადგენა წინასწარ შეუძლებელია.
აღნიშნული საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, აღნიშნული შესყიდვები განხორციელდეს მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაევალა 2024 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს 7 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, საქართველოში წელს 300 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავებული ყურძნიდან 296 ათას ტონამდე – კახეთის, 1,7 ათას ტონამდე – რაჭის, 304 ტონა – ლეჩხუმის, ხოლო დანარჩენი, საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია.
სააგენტოს ცნობით, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 450 მლნ ლარს აღწევს, ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა. რთველის პროცესში ჯამურად 486 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.