თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე – ჰერჩინსკი
წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც გამოხატავს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს – ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მოახლოებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
“ნება მომეცით, ჩემი გულიდან წამოსული სიტყვები გითხრათ. ოთხ დღეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ წახვიდეთ არჩევნებზე და აირჩიოთ თქვენი მთავრობა. არჩევნები არის დემოკრატიის ფესტივალი. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია აირჩიოს საკუთარი და შვილების მომავალი. თუ შეიძლება, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც გამოხატავს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს.
ორი დღის წინ მე თბილისში კიდევ ერთხელ ვნახე ევროკავშირის უამრავი დროშა. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის, სიხარულის, ბედნიერების მომენტი. მე უამრავი ადამიანი ვნახე ქუჩაში, თითქმის ყველა იქ იყო, და მე ვნახე ახალგაზრდები, თქვენი შვილები, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში და არ უნდა ეძებდნენ უკეთეს ცხოვრებას სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ ლამაზ საქართველოში.
როგორც იცით, სამწუხაროდ, ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად არის გაუარესებული. საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ევროკავშირის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია.
ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, გულსატკენია, როდესაც ვხედავ, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ, საქართველო კი, ნაცვლად ამისა, სულ უფრო შორდება ამ მიზანს. შეხედეთ, რა ხდება მოლდოვაში: ხალხი გავიდა, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და აირჩია ევროპული მომავალი. სხვაობა ძალიან მცირე იყო, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა საკუთარ მომავალს და საკუთარი შვილების მომავალს.
ევროკავშირი არის წარმატების ისტორია. ეს არის მშვიდობის პროექტი, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების გარანტია ყველასთვის და არამხოლოდ რამდენიმე მდიდარი ადამიანისთვის, რომლებიც ლიმუზინებით დადიან.
შეხედეთ ჩემს ქვეყანას, რომელიც 30 წლის წინ ბანკროტი იყო, ახლა კი წარმატების მაგალითია სწორედ ევროკავშირის წყალობით. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა, საშუალება მიეცა, რომ უდიდესი ცივილიზაციური ნახტომი გაეკეთებინა და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ჩვენის მხრივ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გასულ დეკემბერს მივიღეთ თქვენთვის კარის გახსნის გადაწყვეტილება. ჩვენ გელოდებით და ახლა თქვენ უნდა შემოხვიდეთ ამ ღია კარში. ვერავინ გააკეთებს ამას თქვენს მაგივრად. ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ეს თქვენი ქვეყანაა და თქვენი არჩევანია.”