ჯო უილსონი – 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს
26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დამნაშავე პუტინი ქვეყნის ნაწილის უკანონო ოკუპაციას ახდენს, მოლდოვის მომავლის მოსაპარად სისხლიან ფულსა და ბანდიტებს გზავნის, მამაცმა მოლდოველებმა სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აირჩიეს. 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“, – წერს ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42,25% მიიღო, ხოლო ალექსანდრე სტოიანოგლომ 25,98%. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, 3 ნოემბერს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 100%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,39%-მა დაუჭირა.