ახალი ამბები

თუ აღარ არის დაცული პრინციპები, რომლებსაც უვიზო რეჟიმი ეფუძნება, EU-ს რეაგირება მოუწევს – პაველ ჰერჩინსკი

თუ აღარ არის დაცული ძირითადი პრინციპები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ეფუძნება, მაშინ ევროკავშირს რეაგირება მოუწევს.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ თუ არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არ ჩატარდება, ევროკავშირს სხვადასხვა ზომების გატარება მოუწევს, რაც რეალობაა და არა მუქარა. ამასთან, მან განმარტა, რომ სანქციების შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ერთსულოვნებაა საჭირო, თუმცა უვიზო რეჟიმის შეჩერება ამას არ მოითხოვს და თუ ძირითადი პრინციპები, რომლებსაც უვიზო რეჟიმი ეფუძნება, აღარ შესრულდება, ევროკავშირს რეაგირება მოუწევს.

„ბევრჯერ, ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ითქვა ჩემი ზემდგომების მხრიდან ბრიუსელში, რომ ვაკვირდებით საქართველოში მოვლენების განვითარებას ძალიან ყურადღებით. გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეაგირება მოვახდინოთ პროცესების განვითარებაზე, ველით არჩევნების დღეს და ვნახავთ, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ის ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. თუმცა, თუ ასე არ მოხდება, მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ვარიანტი. ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა. მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გვქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ერთსულოვნებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვნებას. ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს ვალდებულებაა, მონიტორინგი გაუწიოს, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებისას ნაკისრი ვალდებულებები კვლავ სრულდება, ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, აღარ არის დაცული, ევროკავშირს ამაზე რეაგირება მოუწევს”,- თქვა ელჩმა.

კითხვაზე, ხომ არ იქნება ეს რიგითი ადამიანების დასჯა, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ეს არავის სურს.

“არავის სურს ადამიანების დასჯა, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება.

“გადაწყვეტილება, რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს, მხოლოდ ქართველების ხელშია. თქვენი გადასაწყვეტია, როგორი მომავალი გსურთ ქვეყნისთვის, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.

ეს არჩევნები აბსოლუტურად გადამწყვეტი იქნება. გთხოვთ, წადით არჩევნებზე. თქვენი ხმა მნიშვნელოვანია”,- თქვა ჰერჩინსკიმ