ახალი ამბები

ანა სოლოღაშვილი- პირველი მოწვევის პარლამენტარი

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა და არჩევნებზე ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი უფლებები მისცა.

საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, 1921 წელს იქნა მიღებული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლში ჩაიწერა: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“. 1919 წელს კი საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.

მაშინ დამფუძნებელთა კრებაში 5 ქალი იყო: ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე და მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე. ამ მასალით გაგაცნობთ 5 ქალს, რომელიც პირველი პარლამენტარები იყვნენ. მათ ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937) 21 წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მეფის რუსეთის დროს არაერთხელ დაუპატიმრებიათ.

1903 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. 1925 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

1937 წელს დააპატიმრა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ. 1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. ტროიკა), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და “შოვინისტური” განწყობების, ასევე “მენშევიკთა” ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.

 

ნახეთ ასევე ამავე თემაზე მომზადებული მასალა:

 

ვინ იყვნენ პირველი პარლამენტარი ქალები