ევროკავშირმა შენგენის ზონაში შესვლის შემოწმების ახალი სისტემის ამოქმედება გადადო
ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისთვის ახალი ბიომეტრიული შემოწმების ამოქმედება გადადო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ცვლილებების ამოქმედება მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან იგეგმებოდა. ამავე ინფორმაციით, გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ სათანადო სასაზღვრო კომპიუტერული სისტემა მზად არ აქვთ.
ევროკომისარმა საშინაო საქმეებში, ილვა იოჰანსენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ცვლილებების ამოქმედების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, შესვლის/გასვლის სისტემა (EES) შეაგროვებს მოგზაურთა სამოგზაურო დოკუმენტებს, თითის ანაბეჭდს, სახის გამოსახულებას, მოგზაურობის თარიღს, ადგილსა და ა.შ. EES-ზე რეგისტრაცია განხორციელდება ყოველ ჯერზე, როცა მოგზაურები გარე საზღვრებს გადაკვეთენ.