როგორ მდგომარეობაშია თელავის მრავალწლოვანი ჭადარი
მიუხედავად ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელებული სამუშაოებისა, თელავის სავიზიტო ბარათის, მრავალწლოვანი ჭადრის მდგომარეობა უცვლელი და მძიმეა.
მრავალწლოვანი ჭადრის ხე, ბევრი მკურნალობის შემდეგ ხმობას განაგრძობს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭადრის გადასარჩენად, ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლოს, დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება.
ამ დროისთვის, ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება სხვლა-ფორმირებისა და ფოტოსანიტარული სამუშაოები. ყველაზე დიდი ისტორიული ჭადრის ხე ქალაქ თელავის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ერეკლე II-ს მონუმენტის წინ დგას. მისი გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. სიმაღლე კი 40 მეტრია. ცხრა საუკუნეზე მეტი ასაკის ჭადრის ხის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე კახეთში 2015 წლიდან მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ წელს ჭადარი ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ხედ გამოცხადდა.