რუსული კანონის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა
სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერი დღეს, 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა: “არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე” — ვკითხულობთ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში. ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო და 3 დღე გაგრძელდა.
მოსარჩელეები პირველ რიგში მოითხოვდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.