პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს მთავრობამ მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაახლოებით ნაცვლად ევროკავშირს აშორებს
იმის შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს, ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა თქვენი პარლამენტის, მთავრობის მიერ, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დააახლოოს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ოცნებასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების დიდი უმრავლესობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ევროკავშირს ძალიან, ძალიან დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ მიეღო გადაწყვეტილება გაგვეღო კარი უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. გეტყვით ძალიან ღიად, რომ ამ კარის გაღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ უკრაინელების მამაცობით, თავდადებით და ტანჯვით, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, წესებს, რომლებიც ცივილიზებული სამყაროს ბირთვს წარმოადგენს, ამან მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ თქვენ, უკრაინელებთან და მოლდოველებთან ერთად იმსახურებთ, რომ ევროკავშირის ნაწილი გახდეთ“, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობამ მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ძირითად პრინციპებთან და ღირებულებებთან სრულიად შეუსაბამოა.
„მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა? მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, რომ მზად ვართ, გულში ჩაგიკრათ? ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა თქვენი ქვეყნის, თქვენი მთავრობის მიერ, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დაეახლოებინა საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ოცნებასთან – ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს საქართველოში საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან“, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, ცრუ ნარატივები, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ზოგადად დასავლეთის და ევროკავშირის წინააღმდეგ, მიუღებელია ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
„სამწუხაროდ, ეს შეთქმულების თეორიები, ეს ნარატივები, ეს უცნაური თეორიები კვლავ გრძელდება. ნება მომეცით, განვაცხადო ხმამაღლა და გარკვევით, ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, მზად ვართ საქართველო შემოგვიერთდეს, მაგრამ ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს და ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. შარშან ჩვენ გამოვაქვეყნეთ გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც გაწერილია დეტალურად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. იმისთვის, რომ უფრო მარტივი ყოფილიყო, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მთავარი რეკომენდაციები ე.წ. 9 ნაბიჯად. ერთი გვერდია, 9 ნაბიჯი – ერთი გვერდია. ამ რეფორმებზე მუშაობის ნაცვლად, ძალიან ბევრი ინიციატივა განხორციელდა, რომლებიც სრულიად შეუთავსებელია ჩვენს ნორმებთან და ღირებულებებთან“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, შესაძლებელია საქართველომ სწრაფად იმოქმედოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დაკარგული დრო აანაზღაუროს.
„ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალე განვაახლებთ მუშაობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და დავეწევით დროს, რომელიც დავკარგეთ. მზად ვართ ვიმუშაოთ ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, მაგრამ თუ მთავრობა დაარღვევს მთავარ პრინციპებს: თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, სამწუხაროდ, უნდა გითხრათ ძალიან ღიად, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს შეუძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებას სურს, ამ ქვეყანამ სრულად უნდა სცეს პატივი ევროკავშირის ძირითად პრინციპებს, რომელიც გათვალისწინებულია ევროპულ შეთანხმებებში. თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.
გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა, ეს არის თქვენი კონსტიტუციური უფლება და ასევე ეს არის თქვენი სამოქალაქო ვალდებულება. თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. ეს არის თქვენი ქვეყანა, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი არჩევანი, ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი ქვეყნის მომავალზე თქვენს გარდა“, – აღნიშნა ელჩმა.