საქართველოსა და საბერძნეთს შორის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი
შსს ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
,,შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.