ახალი ამბები

PACE-ის დელეგაცია შეშფოთებულია, რომ საქართველოში პოლარიზაციამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია

PACE-ის დელეგაცია შეშფოთებულია, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაციის მეთაურმა, იულიან ბულაიმ საქართველოში 2-დღიანი ვიზიტის დასასრულს განაცხადა.

დელეგაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს დაინტერესებულ ყველა პირს, თავი შეიკავონ რიტორიკისგან, რომლის მიზანიც პოლიტიკური პლურალიზმისთვის ძირის გამოთხრაა, ამის მაგალითად მას მოჰყავს ოპოზიციის აკრძალვისკენ მოწოდებები.

“ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რამაც მომავალი არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმად აქცია, საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საგარეო მიკერძოებულობაზე. დელეგაცია თანამოსაუბრეების შეშფოთებებს იზიარებს დემონსტრანტებისა და განსხვავებული აზრის გამოხატვაზე დევნასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ეს [დემონსტრაციები და განსხვავებული აზრი] სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ასევე შეშფოთებულები ვართ ბრალდებებით ოპოზიციის წევრებზე თავდასხმების შესახებ, ისევე როგორც მუქარებით, დაშინებითა და სიძულვილის ენით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებ, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები.

ასევე გვსურს ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ პოლიტიზებულ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მედიასთან დაკავშირებით.

გავიგეთ წუხილები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რაც თანაბარ პირობებზე მოახდენს გავლენას. ინტერესების მქონე ყველა პირს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ რიტორიკისგან, რომლის მიზანიც პოლიტიკური პლურალიზმისთვის ძირის გამოთხრაა, მაგალითად, ოპოზიციის აკრძალვისკენ მოწოდებები, რაც საქართველოს მისი ევროპის საბჭოში წევრობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან მნიშვნელოვნად გადაახვევინებს”, – განაცხადა ბულაიმ.

ცნობისთვის, PACE-ს დელეგაცია ექვსი წევრისგან შედგებოდა: იულიან ბულაი (რუმინეთი), ფრანკ შვაბე (გერმანია), ბორიანა აბერგი (შვედეთი), სიმონე ბილი (იტალია), ანდრეი ჰუნკო (გერმანია) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია).