თელავში პოლიტიკური გაერთიანება ,,ძლიერი საქართველოს” რეგიონალური შტაბი გაიხსნა
თელავში პოლიტიკური გაერთიანება ,,ძლიერი საქართველოს” რეგიონალური შტაბი გაიხსნა, რომელსაც პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა მხარდამჭერებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს. ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმაზე, რომ არჩევნები არის ფარული და მათ არ უნდა ეშინოდეთ.
,,ვიყავით ჯერ ახმეტაში, შემდეგ თელავში. შევხვდით ჩვენს მხარდამჭერებს და ვისაუბრეთ. არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და შესაბამისად ყოველი დღე ძვირფასია. გვინდა, რომ ჩვენი ყველა მხადამჭერი გახდეს თავად აქტივისტი, ვინაიდან საზოგადოებაში აუცილებელია მოისპოს უიმედობა. მოქალაქეები უნდა დავარწმუნით, რომ არჩევნები არის ფარული, თავიაანთი გადაწყვეტილება არჩევნების დღეს მხოლოდ ბიულეტენს გაანდონ. აუცილებელია ყველა ქუჩაში ვიყოთ და ეს ეხება იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც შეურაცხყოფილნი არიან იმ პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ატარებს. დარწმუნებულები ვართ რომ ისინი ქართული სახელმწიფოს პატრიოტები არიან და არ დაუშვებენ ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას რუსული იმპერიის ორბიტაზე”- განუცხადა knews.ge-ს დავით უსუფაშვილმა.
,,ძლიერი საქართველოს” თელავის შტაბის ხელმძღვანელის, არჩილ მჭედლიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ უნდა შეიქმნას ახალი მთავრობა, რომელიც მუნიციპალიტეტებს მეტ დეცენტრალიზაციას და შესაძლებლობებს მისცემს ადგილზე გადაწყვიტონ არსებული პრობლემები.
,,თელავი არაფრით გამოირჩევა საქართველოს სხვა ქალაქებისგან. პრობლემები იდენტურია და თავს იჩენს ყველა საკითხზე. განსაკუთრებით იმ საკითხში, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ადგილზე ისეთი თვითმმართველობა, სადაც ადამიანები გადაწყვეტენ იმას, რეალურად რაც აწუხებთ. ყველაფერი მიბულია თბილისზე. ეს კი აისახება ყურძნის ჩაბარების საკითხზე, მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე, გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე და სხვა. ყველაფერი დასრულდება მაშინ, როცა ახალი მთავრობა მოვა, რომელიც ჩამოაყალიბებს ისეთ საქართველოს, სადაც ცხოვრება ჩვენ ყველას გვინდა”,- განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.
თელავის გარდა ,,ძლიერი საქართველოს” შტაბი ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტშიც გაიხსნა.