სისხლის ბანკებისთვის რეგისტრაციის ვალდებულება შესაძლოა, გადავადდეს
პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლითაც, სისხლის ბანკებისთვის შესაძლოა არასამეწარმეო იურიდიულ პირად რეგისტრაციის ვალდებულება გადავადდეს.
კერძოდ, ცვლილებების პროექტის თანახმად, სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი) ვალდებული იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირდეს 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე, მაშინ როცა მოქმედი რედაქციით ეს ვალდებულება 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე უჩნდებოდათ.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, დღეს ქვეყანაში მოქმედებს 24 შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს მხოლოდ 8. აღნიშნული დაწესებულებების მიერ უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება საშუალოდ 95 000 დონაცია, საიდანაც მზადდება 215 000-მდე სისხლის კომპონენტი, რაც სრულად ფარავს ქვეყნის საჭიროებას სისხლსა და სისხლის კომპონენტებზე.
ცნობისთვის, კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე და სალომე ჯინჯოლავა არიან.