მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი ნაკლებ ფასად ჩააბარეს, სხვაობა დაუკომპენსირდებათ
1 კილოგრამ საფერავში მევენახეს 1.50 ლარს ავუნაზღაურებთ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა თქვა, რომ იმ მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი უფრო ნაკლებ ფასად ჩააბარეს, მათ ღვინის ეროვნული სააგენტო სხვაობას დაუკომპენსირებს.
„ამ მომენტში, დაახლოებით, 150 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურად ახდენს პროცესის კოორდინაციას. საფერავის ჯიშის ყურძნის დროულად დაბინავებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; დღეს უკვე სახელმწიფო საწარმო 18-მდე ლოკაციაზე ახორციელებს ყურძნის მიღებას. 1 კილოგრამ საფერავში მევენახეს 1.50 ლარს ავუნაზღაურებთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ მევენახეებს, რომლებმაც 14 სექტემბრამდე საფერავის ჯიშის ყურძენი უფრო ნაკლებ ფასად ჩააბარეს, მათ ღვინის ეროვნული სააგენტო სხვაობას დაუკომპენსირებს. ახლა მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, როგორც კი ეს ნაწილი დასრულდება, დაიწყება ანაზღაურება.
რაც შეეხება რქაწითელის ყურძნის ჩაბარების პროცესს, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე გადამუშავებულია 60 ათასი ტონა. რქაწითელის ჯიშზე მინიმალური ფასი 1 ლარია, სადაც 20 თეთრს სახელმწიფო სუბსიდირება შეადგენს. რქაწითელზე საშუალო ფასი 1 – 1.10 ლარის ფარგლებში მერყეობს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.