„აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
სააგენტო ,,აწარმოე საქართველოს” ინფორმაციით, 16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს.
პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებასააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია.
მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ 5 წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. იგი დაეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა.
სესხის პროცენტის სრულ დაფინანსებას მიიღებენ:
• ახალი მეწარმეები(შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს, ან/და ბიზნესის დარეგისტრირებიდან გასულია 1 წელზე ნაკლები დრო);
• ქალი მეწარმეები;
• მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები.
პროგრამის ყველა სხვა მონაწილე შეძლებს აიღოს სესხი ნაწილობრივი დაფინანსებით, შეღავათიანი პირობებით 8.5 %-ში.
პროგრამაში ჩასართავად, მეწარმეები უნდა ეწვიონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრებს, ან მიმართონ ნომერზე 15-25. სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას.