ახალი ამბები

ალავერდის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ჯვარი აღიმართა

სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ახალჩამოსხმული ჯვარი აღიმართა.

ჯვრის დამზადება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, აღნიშნულ პროცესს კი წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით გაკეთდა მაკეტი, რის საფუძველზეც დამზადდა ყალიბი, რომელშიც ჩამოისხა თითბრის ჯვარი. ჯვრის ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით. ასევე, ანალოგიური გეგმით დამზადდა ჯვარი, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათზე აღიმართება.

მოგეხსენებათ, 25 ივნისს მომხდარმა ძლიერმა სტიქიამ ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი დააზიანა, კერძოდ სტიქიამ საფარი გადახადა ტაძრის გუმბათს. ასევე, ჩრდილოეთ კალთის სხვადასხვა ადგილას დაიმტვრა ლორფინის ქვები და დანარჩენ ადგილებში დაზიანდა კრამიტის სახურავი, ჩაიმსხვრა ტაძრის დასავლეთ მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანდა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ასევე, ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ალავერდის ეპარქიასთან შეთანხმებით სააგენტოს მიერ მოეწყო როგორც ტაძარზე, ასევე საეპისკოპოსო სახლის მთელ პერიმეტრზე ხარაჩო, რათა სპეციალისტებს შესძლებოდათ სრულფასოვნად მუშაობა, რისთვისაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ალავერდში 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალის გაგზავნა. სპეციალისტებს მიეცათ შესაძლებლობა შეესწავლათ სტიქიის შედეგად გამოვლენილი დაზიანებები, რის საფუძველზეც ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები და დაიგეგმა საპროექტო სამუშაოები.

,,ამ დროისთვის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე და საეპისკოპოსო სახლზე მოხსნილია დაზიანებული კრამიტის სახურავი. სტოაზე მოეწყო კრამიტის საბურვლისთვის შესაბამისი კონსტრუქციები, ხოლო საეპისკოპოსო სახლზე სრულად აღდგა კრამიტის სახურავი. გარდა ამისა, კარიბჭე-სამრეკლოზე მოეწყო გუმბათის ირგვლივ ანტისეისმური სარტყელი.​
სამომავლოდ გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები: კარიბჭე-სამრეკლოზე ფურცლოვანი სპილენძით გუმბათის გადახურვა. ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) დაგეგმილია კრამიტის სახურავის მოწყობა. ამასთან, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათის გადახურვისა და ჯვრის დასამაგრებლად მიმდინარეობს შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის შემუშავება. საჭირო ხდება გუმბათის ქვედა ნაწილებში დამტვრეული ლორფინების აღდგენა, რის შემდეგაც მოეწყობა სპილენძის საბურველი. ასევე, იგეგმება ტაძრის მკლავებისა და ნავების სახურავებზე დაზიანებული ლორფინების აღდგენა და მცენარეული საფრისგან გაწმენდა”,-
აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.