რატომ უნდა წახვიდე არჩევნებზე- ბლოგი
პლაკატები გაჩერებებზე, ფასიანი პოლიტიკური რეკლამები ფილმების ყურებისას და ფეისბუქმეგობრების უზარმაზარი პოსტები იმის დასამტკიცებლად, ვისი არჩევა სჯობს — ასე ხვდები, რომ სულ მალე ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი დგება, ცვლილებების ეტაპი – არჩევნები ახლოვდება.
ასეთ დროს ხშირად გაიგონებთ ფრაზებს “რა აზრი აქვს არჩევნებზე წასვლას” , “მაინც არაფერი იცვლება” , “ჩემი ხმა რას ცვლის” .
მაშ ასე, დავიწყოთ და ჩავშალოთ საკითხი თუ რატომ უნდა წახვიდე არჩევნებზე, მე შევეცდები ბლოგის წაკითხვის შემდეგ არგუმენტირებულად შეგაცვლევინო აზრი.
1. პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების კონსტიტუციურად დაცვას სწავლობ.
სახელმწიფოში ადამიანების თანასწორობას კანონი უზრუნველყოფს. კონსტიტუცია არა მხოლოდ ჩვენს უფლებებს განსაზღვრავს, არამედ თანაბარი შესაძლებლობებითაც უზრუნველგვყოფს. ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი შესაძლებლობა, ხმის მიცემის უფლებაა. პიროვნების ხმის პატივისცემა და დაცვა კი ის ღირებულებაა, რომელზეც დემოკრატიულ, თანასწორუფლებიან საზოგადოებას ეყრება საფუძველი.
2. დაგეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში.
ხშირად გვგონია, რომ ჩვენი მოსაწონი არავინაა, თუმცა, ერთ გახუნებულ ფრაზას თუ გავიხსენებთ, “არსებობს ცუდი და არსებობს უარესი”. რეალურად, შესაძლოა, სიღრმისეულად არც დაინტერესებულხარ, ვინ მონაწილეობს არჩევნებში და რა ღირებულებებზეა დაფუძნებული მათი მოძრაობა. ამაში გარკვევით ადვილად მიხვდები, ვინ და რატომ დგას შენთან უფრო ახლოს. ასე კი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც და მისწრაფებებსაც უკეთ გაიცნობ.
3. ხელისუფლებას აჩვენებ, რომ საკუთარი ბედი გადარდებს.
არჩევნებზე მისვლით მნიშვნელოვან “მესიჯს” უგზავნი როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ხელისუფლებას, რომ საკუთარ და ქვეყნის ბედზე ფიქრობ და ინტერესების დასაცავად ყველა შესაძლებლობას იყენებ.
4. მაგალითი სხვებისთვის.
მხედველობაში აუცილებლად მიიღე ისიც, რომ საკუთარი შეხედულებებითა და გადაწყვეტილებებით უნებლიე გავლენას ახდენ გარშემომყოფებზე, შენ კი შეგიძლია, მათი დამოკიდებულებები უკეთესობისკენ შეცვალო. ეს განსაკუთრებით სწორედ მათ ეხება, ვინც გულგრილადაა განწყობილი მოსალოდნელი ცვლილებების მიმართ და “ხელი აქვს ჩაქნეული”. ასევე მოზარდებს, რომლებიც ცხოვრების ამ გარდამტეხ ეტაპზე ხშირად ფიქრობენ, რა როლი აკისრიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რამდენადაა მათი ინტერესები დაცული.
5. მართლა მნიშვნელოვანია ერთი ხმაც კი.
კიდევ ერთი არასწორი შეხედულება, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე არჩევნებამდე, ისაა, რომ “ჩემი ხმა მაინც არაფერს შეცვლის”. ამ აზრის გასაბათილებლად კი ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ თეორიული დაშვება გამოვიყენოთ, არამედ უამრავი ისეთი შემთხვევაც გავიხსენოთ, როცა არჩევნების შედეგი ზუსტადაც რომ 1-მა ხმამ გადაწყვიტა. ამ შემთხვევებში ხმის მიცემის პროცესში მონაწილე ვერცერთი ადამიანი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ თავად გახდებოდა ისტორიული ცვლილების მონაწილე.
და ბოლოს, რასაკვირველია, იცი, რომ არჩევნებში შენი მონაწილეობის უფლებისათვის ბევრი იბრძოდა — არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.
თუკი გულგრილი ხარ ხმის მიცემის უფლებისადმი, ეს ალბათ ნიშნავს, რომ გულგრილი ხარ იმ ადამიანების მიერ გაღებული მსხვერპლისადმიც, ვისი დამსახურებითაც დღეს ამ შესაძლებლობას ფლობ.
მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა, ჩვენს ცხოვრებას დასრულების პირი მაშინ უჩანს, როცა მნიშვნელოვან რაღაცებზე ვჩუმდებითო. არჩევნებზე არმისვლა კი სწორედაც, რომ გაჩუმებაა.
წადი არჩევნებზე.