პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება – აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება.
პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება – აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს. საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება “სისხლის სამართლის კოდექსის” 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება.
პროექტი ამნისტიის შემდეგ ფორმებს ადგენს:
პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
სასჯელის 1/2-ით შემცირება;
სასჯელის 1/4-ით შემცირება;
სასჯელის 1/6-ით შემცირება;
პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ამნისტია არასრულწლოვანი და ქალი პატიმრებისთვის უფრო მსუბუქ ზომებს ადგენს. კერძოდ, ნაცვლად სასჯელის განახევრების, ¼-ით ან 1/6-ით შემცირებისა, გათვალისწინებულია სასჯელის 2/3-ით, 1/3-ით და 1/5-ით შემცირება.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.