ქართული საბანკო სისტემა დაიცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს – ასოციაცია
საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს- აცხადებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში.
როგორც ასოციაციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 პირის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებზე კომენტირებისას აღნიშნეს, ქართული ბანკები გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით მიიღებენ.
„საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს,“ – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საბანკო ასოციაციაში.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. სიაში მოხვდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. აღნიშნულ პირებს დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომა.
შეგახსენებთ, იმასაც რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის სექტემბერში სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესაც. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებდა, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
ფარცხალაძის სანქცირებიდან 4 დღეში ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული ჰქონდა. მაშინ “ქართული ოცნების“ იმდროინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის ეს გადაწყვეტილება “პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას. ამის შემდეგ მეორე დღესვე, სებ-მა დაამტკიცა საგამონაკლისო წესი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სანქციები არ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დამდგარი.
ამის შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ შეძლო და საკუთარი ქონების ნაწილი, 12 უძრავი ნივთი შვილს ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა. ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე 20 სექტემბრით თარიღდებოდა. იმავე 20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან გადააგზავნა. თავდაპირველად, 22 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და „თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“. თუმცა, მოგვიანებით, 2023 წლის 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა.