სამოქალაქო ორგანიზაციები – ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციები, ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს,-ამის შესახებ 32 სამოქალაქო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება.
„ქართული ოცნება” მესამე მოსმენით იღებს კანონების პაკეტს, რომლის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.
„კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვნებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია, საბაზისო საჭიროებებზე ხელმიუწვდომლობა, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა, რესურსების უსამართლო და უთანასწორო გადანაწილება, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება, განადგურებული გარემო და სხვა. ერთადერთი გზა, ვუპასუხოთ ამ და სხვა რეალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრინციპული და მტკიცე წინსვლაა – სწორედ ის, რისი შეფერხებასაც ხელისუფლება, მათ შორის ამ საკანონმდებლო პაკეტითაც, ცდილობს.
კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან იგი სინამდვილეში ცენზურის დაკანონებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს. პაკეტი თავისი არსით ეხება არამხოლოდ ერთ ჯგუფს, ლგბტქ თემს, არამედ ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში მთავრობას შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ხდება ერთი ჯგუფისათვის უფლებების შეზღუდვა უფრო მასშტაბური რეპრესიების დასაწყისი.
გამომდინარე იქიდან, რომ ვაცნობიერებთ ამ საკანონმდებლო პროცესის რეალურ მიზნებს და ასევე გვახსოვს, თუ როგორ უგულებელყო მმართველმა გუნდმა საზოგადოების დაკვეთა „რუსული კანონის” უკან გაწვევის თაობაზე, ჩვენ საქართველოს პარლამენტს აღარაფერს მოვუწოდებთ.
თუმცაღა, მოვუწოდებთ: საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება; სახალხო დამცველს, მიიღოს ყველა ზომა, კანონების პაკეტის კრიტიკული საჯარო შეფასებისა და მომავალში შესაბამის სასამართლოებში მისი გასაჩივრების მიზნით; სამოქალაქო და პოლიტიკურ მოძრაობებს, მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივების გრძელვადიანი გავლენის შესაჩერებლად.
გვჯერა, რომ 26 ოქტომბერი ცვლილებების მომტანი იქნება, რადგან ვხედავთ, რომ საქართველო დღითიდღე ირჩევს სოლიდარობის, ხიდების მშენებლობისა და უდრეკი ერთიანობის გზას. მადლობა ვუხდით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ნამდვილ ქართულ ღირებულებებს – შემწყნარებლობასა და ურთიერთპატივისცემას – პირადი მაგალითით ასაზრდოებს. სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყველაზე აშკარად ზარალდებიან ამ მანიპულაციურ პროცესში“,-ნათქვამია სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებაში