მაღალმთიან დასახლებებში დასასვენებელი სერვისების მოწყობა იგეგმება
„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგია, 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმა“ დამტკიცებულია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა, სადაც იმ გამოწვევების შესახებ არის საუბარი, რომლის წინაშეც მაღალმთიანი რეგიონები დგას.
„საქართველოს მთის ადგილობრივი რესურსების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა ტურიზმი და დასასვენებელი სერვისები. მთა ასოცირდება ცხოვრების ხარისხის ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებთან, როგორიცაა ბუნებასთან სიახლოვე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, თვალწარმტაცი ხედები და ლანდშაფტი. საქართველოს მთიანეთი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მდგრადი სამთო, ეკო, გასტრო, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებისთვის ისე, რომ ამავდროულად, დაცულ იქნეს უნიკალური ლანდშაფტი. საერთაშორისო კონტექსტში, ალპების მაგალითზე ევროპის გამოცდილებამ აჩვენა სამთო ტურიზმის ეკონომიკური მნიშვნელობა.
დემოგრაფიული და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომი მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის, იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ტურისტული აქტივობა შედარებით დაბალია, სახელმწიფო შეეცდება აქ არსებული უნიკალური ბუნებრივი შესაძლებლობების გამოყენებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, პოპულარიზაციის, მოსახლეობის უნარების ამაღლებისა და ფინანსური ხელმისაწვდომის გაზრდის მეშვეობით,” – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებზე, მათ შორის თუშეთზე.