OSCE/ODIHR საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ხსნის
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად შეუდგა მუშაობას.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR – ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.
„მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთოს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, აგრეთვე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან.
დამკვირვებლები არჩევნების ყველა ასპექტს დააკვირდებიან არჩევნების დღემდე და შემდეგ. კერძოდ, ისინი მონიტორინგს გაუწევენ პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტასა და მედია გარემოს. ისინი ასევე შეაფასებენ ODIHR-ის მიერ წარსულში გაწეული არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხორციელებას.
შეხვედრები ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკვირვების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
არჩევნების დღეს ODIHR-ის მისია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპარლამენტისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლასა და შედეგების შეჯამებას.
არჩევნების მომდევნო დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია პრესკონფერენციაზე წარადგენს დაკვირვების წინასწარ შედეგებს. საარჩევნო პროცესის შეფასების საბოლოო ანგარიში, რეკომენდაციების ჩათვლით, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვეში იქნება გამოქვეყნებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.