მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის სოფელ გურჯაანის სკოლის პედაგოგი მოხვდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი დასახელდა. მათგან ერთ-ერთი 4 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი დააჯილდოებს.
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, არიან:
გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
ნათია უჩავა – თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი დიმიტრი პოპოვი აცხადებს, რომ განათლება არის პიროვნული და საზოგადოებრივი თავისუფლების საფუძველი. ის აძლევს ადამიანს უნარებს, რომლებიც აუცილებელია დამოუკიდებლად აზროვნებისთვის და მოქმედებისთვის.
,,ადამიანს, რომელიც მასწავლებელი ხდება, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ის მხოლოდ საგნობრივ ცოდნას კი არ გადასცემს გაკვეთილზე არამედ, ის მისაბაძი მაგალითია მოსწავლეთათვის, განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე. სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვები იწყებენ სამყაროს გააზრებას და სწავლობენ სოციალურ უნარებს. მაგალითად, ჩემს კლასში, ჩვენ ხშირად ვაწყობთ პროექტებს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, ურთიერთობას და პასუხისმგებლობის აღებას. პროექტების ფარგლებში მათ აქვთ კომუნიკაცია თანატოლებთან სხვა ქვეყნებიდან.
ძირითადად, სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში მიწევს მუშაობა, თუმცა პერიოდულად კლასშიც გავდივარ “საველე მუშაობის შესასრულებლად”. ტექნოლოგიები ხომ მხოლოდ კომპიუტერი არ არის?! უცებ გადავწევთ კლასში მერხებს, გამოვითავისუფლებ შუა ნაწილს და ამის შემდეგ გაკვეთილზე ზოგი მოსწავლე ინფორმაციის შემტანი მოწყობილობის როლშია, ზოგი გამტარი, ზოგიც ინფორმაციის გამომტანის როლს ირგებს. ასე, თამაშებით ვეუფლებით კომპიუტერული ტენოლოგიების საწყისებს”,- აცხადებს დიმიტრი პოპოვი.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ნახეთ ამავე თემაზე:
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში, კახეთიდან 2 პედაგოგი მოხვდა