საქსტატი – ზაფხულის სეზონზე ტურისტულმა აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა
საქსტატის მონაცემების მიხედვით, წელს ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია. მზარდია შიდა ტურიზმიც.
მოლოდინი, რომ საქართველოში ტურისტთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდებოდა, ფუჭი აღმოჩნდა. ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ ექსპერტებიც. ამბობენ, რომ საქართველოში ტურიზმი დღითი დღე ვითარდება. მიუხედავად პრობლემებისა, სფერო მზარდია და ქვეყანა ტურისტებისთვის თანდათან მიმზიდველი ხდება.
,,საქსტატის” ბოლო მონაცემებით, საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა კიდევ იზრდება. 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367 200-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699 300 შეადგინა.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 722 900-ით განისაზღვრა, რაც 7.8 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.