2024 წლის მე-2 კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მე-2 კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
„2024 წლის მე-2 კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 პროცენტია. რეინვესტიციამ კი – 451.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 78.6 პროცენტით განისაზღვრა.
2024 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე მალტა – 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3 პროცენტს შეადგენს.
2024 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 79.2 მლნ. აშშ დოლარით (13.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 75.7 პროცენტი შეადგინა,“– აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.