ახალი ამბები

კახეთში მევენახეებმა ყურძნის ფასთან დაკავშირებით აქცია გამართეს

კახეთში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ. ფერმერების ნაწილმა დღეს აქცია სოფელ ჭიკაანში გამართა და ფასის ზრდა მოითხოვა.

მათი თქმით, არსებული ფასი ვერ ანაზღაურებს ხარჯებს, რადგან შხამქიმიკატების, საწვავის და მუშახელთან დაკავშირებული ხარჯები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს ყვარელი – ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

პროტესტის საპასუხოდ რთველის საკოორდინაციო შტაბში განმარტეს, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო ვერ ჩაერევა.

საქართველოს მთავრობა „რქაწითელისა” და „კახური მწვანის” ყურძნის ჯიშების სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს.

სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც რთვლის ფარგლებში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარისა. მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ „რქაწითელისა“ და 1 კგ „კახური მწვანისათვის“ 0,20 ლარს შეადგენს. „რთველი 2024″-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თელავში რთვლის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იმუშავებს.