ახალი ამბები

საქსტატი- საქართველოში 219 700 ადამიანი უმუშევარია

საქსტატმა სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა.

II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 2.8 პროცენტული პუნქტით და 47% შეადგინა. საქსტატის მიხედვით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.9% და 45.8%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.5% შეადგინა. შესაბამისად, თვითდასაქმებულთა წილი 32.5%-ია.

საქსტატის მონაცემებით, II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით. შესაბამისად, ქალაქში უმუშევრობის დონემ 14.3%, ხოლო სოფელში 12.8% შეადგინა.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს სქესის მიხედვით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.9%-ს და 15.9%-ს შეადგენს.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.4%-ს, ხოლო კაცებში 66.1%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1 პროცენტული პუნქტით.

რაც შეეხება დასაქმების დონეს, II კვარტალში გაზრდილია ქალებში 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით. შესაბამისად, დასაქმების დონე ქალებში 39.6%-ს, ხოლო კაცებში 55.6%-ს შეადგენს.