საქართველოში 69 207 ონკოლოგიური პაციენტია რეგისტრირებული
კიბოს პოპულაციური რეგისტრში 2024 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, ირიცხება 69 207 ონკოლოგიური პაციენტი. ამის შესახებ პარლამენტის წევრის ხათუნა სამნიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების განმარტებითვე, აღნიშნული მონაცემი მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ ონკოლოგიური დიაგნოზით დიაგნოსტირებულ და რეესტრში რეგისტრირებულ პაციენტებს, თუმცა არ აღნიშნავს ონკოლოგიური მიმართულებით მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტების რაოდენობას.
სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნული მონაცემები იმის შესახებ თუ რა თანხა დაიხარჯა 2024 წელს ონკოპაციენტების მკურნალობაზე.
„2024 წლის 1 იანვრიდან 23 ივლისის მდგომარეობით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისთვის ,, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების მოცულობამ შეადგინა 18 231 313 ლარი. ამ პროგრამის ფარგლებში წელს დაფინანსებულია 2 337 ონკოლოგიური პაციენტის საქართველოში მკურნალობის 3 502 შემთხვევა.
მიმდინარე წლის 24 ივლისის მდგომარეობით, ,, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში დაფინანსებულია მედიკამენტის მოთხოვნის 5 373 შემთხვევა. დაფინანსების მოცულობამ შადგინა 5 033 473 ლარი. მათ შორის დაფინანსებულია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მედიკამენტის მოთხოვნის 813 შემთხვევა, სულ – 2 795 341 ლარით. დაფინანსებული მედიკამენტები მოიცავს სიმსივნის საწინააღმდეგო, იმუნო და ჰორმონოთერაპიულ, ასევე, სიმპტომური მოქმედების საშუალებებს.
ამასთან, მიმდინარე წლის 23 ივლისის მდგომარეობით, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში (ონკომედიკამენტები, ქიმიოთერაპია, სხივურითერაპია, ონკოქირურგია), მომსახურება მიიღო 26 024 პირმა. ამავე პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტთა სამკურნალოდ გაწეულია ჯამში, 147 521 241 ლარის მომსახურება.
წელსვე, 23 ივლისის მდგომარეობით, ,, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში გაცემული სიმსივნის საწინაღმდეგო მედიკამენტების ღირებულებამ შეადგინა 85 294 946 ლარი.
ამავე პერიოდში, ,, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპიის კომპონენტის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი მიიღო 20 141 ბენეფიციარმა.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მკურნალობას, ,,ორგანოთა ტრანსპლანტაციის’’ სახელმწიფო პროგრამის ,, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის’’ კომპონენტის ფარგლებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურება გაეწია 12 პირს, ხოლო ,, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში დაფინანსებულია 401 ონკოლოგიური პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობის 549 შემთხვევა,“- ნათქვამია სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში.