ახალი ამბები

„იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით“ – აშშ-ის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით იმედგაცრუებულია, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბაიდენის მხრიდან მიწერილ წერილში წერია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა.

წერილი აშშ-ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პირველი პირი წერს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების მიუხედავად, ქართველ ხალხის და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია.

„მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ჯო ბაიდენი აწერს.