აგრესიის 16 წლისთავზე ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.
„საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის ‘ბორდერიზაციის’ პოლიტიკის, გამშვები პუნქტების დაკეტვისა და უკანონო დაკავებების შედეგად რუსი სამხედროების და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში, – „გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და უნდა აღსრულდეს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის“.
ბორელმა დასძინა, რომ ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგული რჩება. ეს უპირველესად გამოიხატება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) ევროკავშირის თანათავმჯდომარის რანგში მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობითა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) ადგილზე უწყვეტად მუშაობით.
ევროკავშირმა ასევე გაიმეორა, რომ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.