სუპერმარკეტში ერთჯერადად მოქალაქეები საშუალოდ 16 ლარს ხარჯავენ – კვლევა
2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, სუპერმარკეტებში ვიზიტისას ერთი მომხმარებელი საშუალოდ 16 ლარის ფარგლებში ხარჯავს. ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) მიმოხილვაში.
მათივე ცნობით, ამ მხრივ, ბოლო სამი კვარტალის განმავლობაში, წლიურ ჭრილში შემცირება შეინიშნება. კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში მარკეტში ერთი ვიზიტისას დახარჯული თანხა 4.2%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში კი შემცირება 2.7% იყო.
ამასთან, გასული წლის ოთხ კვარტალში დახარჯული თანხის ზრდა/შემცირება პროცენტულად ასეთი იყო:
2023 წლის პირველი კვარტალი – წლიურად შემცირდა 1%-ით;
2023 წლის მეორე კვარტალი – წლიურად გაიზარდა 0.5%-ით;
2023 წლის მესამე კვარტალი – წლიურად გაიზარდა 0.8%-ით;
2023 წლის მეოთხე კვარტალი – წლიურად შემცირდა 4.1%-ით.
კვლევის ავტორების განმარტებით, ბოლო სამ კვარტალში შემცირება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სუპერმარკეტების რაოდენობრივ ზრდას.
რაც შეეხება სუპერმარკეტების რაოდენობას, გასულ წელთან შედარებით, დედაქალაქში, ისევე როგორც რეგიონებში გაზრდილია მათი რიცხვი. მაგალითისთვის, შარშან თბილისში 1 350 ქსელური სუპერმარკეტი იყო, წელს 5 თვეში რაოდენობა 1 546-მდე გაიზარდა. რაც შეეხება რეგიონებში, წელს 1 456 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით, შარშან კი მათი რაოდენობა 1 089 იყო.